ყველაფერს ვიზამ, რათა მოსახლეობასა და ევროპის ყველა მომხრესთან ერთად იმ არჩევნების წინა ხაზზე ვიყოთ, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო იქაა, სადაც უნდა იყოს, ევროპისაკენ მიმავალი, ევროპაში შემავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24 English-სთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი ისევ და ისევ ხალხის ნება და მისწრაფებაა.
„თქვენც და მეც ვიცით, რომ სხვადასხვა დროს დაღმასვლებია ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. მნიშვნელოვანი ისევ და ისევ ხალხის ნება და მისწრაფებაა. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველის, ოქტომბრის თვეში არჩევნებია და ვფიქრობ, ეს იქნება ტესტი. ერთგვარად კანდიდატის სტატუსს წინასწარ ვიღებთ, როგორც ქართველი ხალხისა და მისი ინსტიტუციების ნდობის ნიშანს. ვიმედოვნებ, რომ ისინი კონსოლიდირებული იქნებიან და მე ყველაფერს ვიზამ, რათა მოსახლეობასა და ევროპის ყველა მომხრესთან ერთად იმ არჩევნების წინა ხაზზე ვიყოთ, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო იქაა, სადაც უნდა იყოს, ევროპისაკენ მიმავალი, ევროპაში შემავალი“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, ზურაბიშვილი ინტერვიუში გამოეხმაურა ევროპაში ვიზიტების საკითხსაც და აღნიშნა, რომ ის სიამოვნებისთვის არ იმოგზაურებს.
„მე ახლახან პარიზში ვიმყოფებოდი “პარიზის მშვიდობის ფორუმზე” და ამისათვის არ მომითხოვია [მთავრობის ნებართვა].
თუმცა, მსურს დავაზუსტო - მე ვიქნები იქ, სადაც ჩავთვლი, რომ საჭირო იქნება ისევ და ისევ იმ მთავარი მიზნის მისაღწევად - კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდაჭერის, კონსოლიდაციისა და ევროპის გზაზე ჩვენი იქ მიყვანისათვის, სადაც საჭიროა. მე არ ვიმოგზაურებ სიამოვნებისათვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.