ბატონო ლევან,
მიმდინარე წლის 28 აპრილს თქვენი აპარატიდან წერილობით გვაცნობეთ, რომ ჩვენს განცხადებასთან დაკავშირებით, საქმის წარმოების ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა სსიპ "შემოსავლების სამსახურიდან" 2026 წლის 5 მარტს, თუმცა იმ დროისთვის საპასუხო კორესპონდენცია მიღებული არ გქონდათ.
აღნიშნულ წერილზე ჩვენ გიპასუხეთ, რომ საგანგაშოა გარემოება, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ორი თვის განმავლობაში არ აწვდის პასუხს სახალხო დამცველის აპარატს. ეს ბადებს სერიოზულ კითხვებს როგორც კანონის, ისე თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტისადმი სახელმწიფო უწყებების დამოკიდებულების შესახებ.
ჩვენ გთხოვეთ, რომ:
· აღნიშნული ფაქტი შეგეფასებინათ, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა;
· გამოგეყენებინათ თქვენს ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმი მოთხოვნილი ინფორმაციის მისაღებად;
· საჯაროდ დაგეფიქსირებინათ პოზიცია აღნიშნულ საკითხზე;
· განგეხილათ შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
მიგვაჩნდა და კვლავ მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ასეთი მოქმედება საფრთხეს უქმნის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, აფერხებს საქმის ობიექტურ განხილვას და აზიანებს სახალხო დამცველის ინსტიტუციურ ავტორიტეტს.
ჩვენ ასევე ხაზგასმით გაცნობეთ, რომ საკითხი იყო გადაუდებელი, რადგან ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთს" რეალურად ემუქრება მაუწყებლობის შეჩერება. ასეთ ვითარებაში დაგვიანებული დასკვნა შესაძლოა მხოლოდ ფორმალურ დოკუმენტად დარჩეს, მაშინ როდესაც რეალური ზიანი უკვე დამდგარი იქნება.
სამწუხაროდ, აღნიშნული წერილიდან თითქმის კიდევ ერთი თვე გავიდა და სახალხო დამცველის აპარატიდან არანაირი ინფორმაცია აღარ მიგვიღია. როგორც ჩანს, აპარატი კვლავ ელოდება შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ ინფორმაციას, თუმცა ამავე დროს არ ხდება იმ ფაქტის შეფასება, რომ ადმინისტრაციული ორგანო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებას და არ პასუხობს სახალხო დამცველის ოფიციალურ მოთხოვნას.
როგორც ცნობილია, ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთზე" ზეწოლა დაიწყო 2025 წლის 30 ივნისს. იმ იმედით, რომ სახალხო დამცველი დაიცავდა დამოუკიდებელ რეგიონულ მედიას უკანონო ზეწოლისგან, ჩვენ 2025 წლის 2 ივლისს მოგმართეთ წერილით, თუმცა მიღებული პასუხი, ჩვენი შეფასებით, მხოლოდ თავის არიდებას წარმოადგენდა.
ზეწოლა გაგრძელდა და 2026 წლის 29 იანვარს კვლავ მოგმართეთ თხოვნით, შეგესწავლათ ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" მიმართ შერჩევითი სამართლისა და დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები. ასევე გთხოვდით, დისკრიმინაციის დადგენის შემთხვევაში, გაგეცათ შესაბამისი რეკომენდაციები პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების მიმართ.
ფაქტობრივად, უკვე თითქმის ერთი წელია, სახალხო დამცველს ვთხოვთ არა რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიას, არამედ მხოლოდ იმას, რომ შეფასდეს აშკარა უთანასწორობა: თუ სახელმწიფომ, პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადების შესაბამისად, "რუსთავი 2"-ს გაუკეთა საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, მაშინ შერჩევითი სამართლის თავიდან ასაცილებლად იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს "თრიალეთზეც".
სამწუხაროდ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესის გაჭიანურება უკვე არა მხოლოდ შემოსავლების სამსახურისა და საჯარო რეესტრის მხრიდან ხდება, არამედ ამას ემატება სახალხო დამცველის აპარატის უმოქმედობაც.
ჩვენი შეფასებით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყება მოგონილი და უკანონო ხერხებით მიზანმიმართულად აჭიანურებს პროცესს, რათა ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" ფინანსურ კოლაფსამდე მიიყვანოს. ასეთ ვითარებაში, თუ სახალხო დამცველის დასკვნა მხოლოდ მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც ტელეკომპანია მაუწყებლობას შეწყვეტს ან გაკოტრების წინაშე დადგება, ეს ვეღარ იქნება ეფექტური დაცვის მექანიზმი.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ და გთხოვთ:
1. დაუყოვნებლივ შეაფასოთ შემოსავლების სამსახურის მიერ სახალხო დამცველის მოთხოვნაზე პასუხის გაუცემლობა, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა;
- დაჩქარებული წესით შეისწავლოთ შერჩევითი სამართლისა და დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები და საჯაროდ დააფიქსიროთ პოზიცია ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" მიმართ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით;
- შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მისცეთ რეკომენდაცია, რომ ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" მიმართ გამოყენებული იქნას იგივე სამართლებრივი და ადმინისტრაციული მიდგომა, რაც გამოყენებული იქნა სხვა მაუწყებლების მიმართ საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციისას;
4. განიხილოთ შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს უშლიან სახალხო დამცველის აპარატისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ამით აფერხებენ საქმის შესწავლას.
ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" ითხოვს არა პრივილეგიას, არამედ თანასწორ მოპყრობას, კანონის უზენაესობას და დამოუკიდებელი მედიის დაცვისთვის სახალხო დამცველის მანდატის რეალურ გამოყენებას.
ვაცხადებთ, რომ როდესაც, 3 თვეა სახალხო დამცველი ვერ იღებს პასუხს შემოსავლების სამსახურიდან - და მაინც დუმს, ეს უკვე სახალხო დამცველის პასუხისმგებლობაც არის.