ვინ ისარგებლებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამით – მთავრობის ახალი დადგენილება

ვინ ისარგებლებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამით – მთავრობის ახალი დადგენილება

13-03-2023 03:56

მთავრობამ დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით, ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  770 000 ლარით. თანხა გათვალისწინებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარებისთვის.

კერძოდ: შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე, საშუამავლო მომსახურების მიწოდება-განვითარება, მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, დასაქმების ფორუმების მოწყობა.

პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევების განხორციელება მინიმუმ წელიწადში  ერთხელ, სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოება, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

დადგენილების მიხედვით, ქვეპროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო და დასაქმების სააგენტო.

„სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს ქვეპროგრამის  ფარგლებში არსებული მონაცემთა ბაზები, ასევე მიიღოს და დაამუშაოს პირის პერსონალური მონაცემები, სოციალური და  ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

ასევე, ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის შეთანხმებულ ფორმატში ითანამშრომლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან“.

პროგრამა ითვალისწინებს დასაქმების კონსულტანტის შტატის შექმნას. „ეს იქნება პირი, რომელიც სამუშაოს მაძიებელს ეხმარება და უყალიბებს სამოქმედო გეგმის მიხედვით ქცევის წესებს  შრომის ბაზარზე სწრაფი ინტეგრაციისათვის“, – წერია ბრძანებაში. სააგენტო ვალდებულია, ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიში სამინისტროს კვარტალურად მიაწოდოს.

ვინ შეიძლება იყვნენ დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები?

  • დევნილის სტატუსის მქონე პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს
  • სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი

დადგენილების მიხედვით, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დასაქმებული ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების სუბსიდირება ვაუჩერის საშუალებით, ამ დანართის  მე-3 მუხლით დადგენილი პირობებით.

„ერთ ბენეფიციარზე  ვაუჩერის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 560  ლარს თვეში.

ბენეფიციარებისთვის შრომის ანაზღაურების სუბსიდირების გადახდის მიზნით სააგენტო მასთან დებს ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შემდეგ პირობებს:

ა) სუბსიდირებული პირის შესახებ მონაცემებს

ბ) შრომის ანაზღაურების სუბსიდიის გადახდის ვადას

გ) ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ზუსტ ოდენობას

დ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოვალეობებს

ე) ხელშეკრულების ხანგრძლივობას

სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციართა სუბსიდირებას დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ ვაკანსიაზე გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 560 ლარისა“, – წერია მთავრობის დადგენილებაში.

ქვეპროგრამის  ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 9 თვის ვადით. დასაქმებულს ეს სუბსიდია ეძლევა არანაკლებ 3 თვის ვადით.

დადგენილების მიხედვით, დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სააგენტოსაგან გაცემულ ვაუჩერს ბენეფიციარი წარადგენს დამსაქმებელთან, რომელიც, თავის მხრივ, ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ ვაუჩერს აგზავნის სააგენტოში სუბსიდირების დაფინანსებისთვის, ამასთან, ვადების დარღვევით წარდგენილი ვაუჩერი არ ანაზღაურდება.

დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდია სრულად დააბრუნოს, თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6 თვემდე პერიოდში, დამსაქმებლის ინიციატივით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება.

დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდიის ნახევარი დააბრუნოს, თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6-დან 9 თვემდე პერიოდში, დამსაქმებლის ინიციატივით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება.

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და მათ გადამზადებას. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 100 000 ლარით.

თანაბარ პირობებში არსებობისას, უპირატესობა ექნებათ შემდეგი კატეგორიის პირებს:

  1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს
  2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით
  3. იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს
  4. სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს
  5. დაბრუნებულ მიგრანტებს, რომელთა დაბრუნებიდანაც არ არის გასული 1 წელზე მეტი
  6. აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს
  7. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ბენეფიციარებს
  8. სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირებსა და ასევე, სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ პირებს
  9. ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათ ოჯახის წევრებს
  10. ქალებს
  11. არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვან და სრულწლოვან 21 წელს მიუღწეველ პირებს
  12. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს
  13. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს
  14. ეთნიკურ უმცირესობებს
  15. ოჯახში ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებს
  16. სამუშაოს მაძიებლებს, რომლებსაც არ მიუღიათ გასულ წლებში ამ ღონისძიებაში მონაწილეობა
  17. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს
  18. სამუშაოს მაძიებლებს, რომლებიც ღონისძიების განხორციელების პერიოდში არ არიან დაქირავებით დასაქმებულები ბოლო  1 წლის განმავლობაში
  19. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებს და სხვა.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა პირველი მარტიდან ამოქმედდება.

პოსტი ნახა: 322


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!