შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ს ელჩს შორის შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვას – მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ საპარტიო თავმჯდომარესა და ამერიკის ელჩს შორის გამართული შეხვედრა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით, ძალიან პროდუქტიული იქნება.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილსა და რობინ დანიგანს შორის შეხვედრა არჩევნების დასრულების შემდეგ, ძალიან მალე გაიმართება.

„თქვენ იცით, რომ ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროკავშირთან. აქედან გამომიდინარე, ბუნებრივია, ყველა მოხარული ვართ, რომ უკვე არის შეთანხმებული შეხვედრა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და ამერიკის ელჩს შორის, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე, ძალიან მალე აუცილებლად შედგება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და გავაკეთებთ ყველაფერს ამისათვის, მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა იქნება ძალიან პროდუქტიული სწორედ ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით,“ – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერი განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურდა შანტაჟის ქვეშ რაიმე ტიპის შეხვედრა გაემართა უცხოელებთან და ახლა როდესაც გარკვეული გარემოებები შეიცვალა, ის მზად არის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდეს.

„რეალურად, მიმდინარეობდა შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. როგორც კი დაიწყო უკრაინაში ომი, მაშინვე მას გაუყინეს თანხები, თავის ანგარიშებზე შეუჩერეს გადარიცხვები და ამ ფონზე, მას არ სურდა, აბსოლუტურად ობიექტური მიზეზის გამო, შეხვედრების გამართვა. ეს პროცესები გაგრძელდა ორი წლის განმავლობაში და სწორედ ამის გამო იკავებდა თავს ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებისგან. მას არ უნდოდა შანტაჟის ქვეშ გაემართა რაიმე ტიპის შეხვედრა უცხოელებთან. ახლა როდესაც გარკვეული გარემოებები შეიცვალა, ის არის მზად გამართოს ასეთი შეხვედრა. ანალოგიური მზაობა დააფიქსირა ამერიკის ელჩმაც, რაც არის ძალიან კარგი. ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის,“ – განაცხადა კობახიძემ.