შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საპატრიარქო სასულიერო პირებს თხოვნით მიმართავს, „არჩევნების პერიოდში, თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ“

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს თხოვნით მიმართავს, „არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციებისა და დაძაბულობის ფონზე თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ“.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს უმთავრესი მიზანი ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა, მეორე მხრივ კი ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობის შენარჩუნებაა.

„დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს.

შესაბამისად, არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციებისა და დაძაბულობის ფონზე, ვთხოვთ სასულიერო პირებს, თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ.

აღვავლეთ ლოცვებს, რათა უფალმა მომადლოს ჩვენს ერს წყალობა და მოციქულის სიტყვისამებრ, მშვიდობის საკვრელით შევინარჩუნოთ სულის ერთობა“,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.