შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი – სუსის ანგარიში

დილით საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

სუსი კანონმდებლებს ანგარიშს აბარებს – უწყების წარმომადგენელი მოგვიანებით უპასუხებს დეპუტატების კითხვებსაც. ანგარიში რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, საუბარია იმაზეც, თუ რა ხელისშემშლელი ღონისძიებები გატარდა 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის თავიდან ასარიდებლად; ასევე, დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა ცალკეული სახელმწიფოს ასობით მოქალაქეს. გამოვლინდნენ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყანაში პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ.

“ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით, რუსეთის ფედერაცია განაგრძობდა უკანონო დაკავებებს, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელ სხვა აქტივობებს. საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი. მათ შორის, საყურადღებოა ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი. საერთო ჯამში, 2022 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოს 9 მოქალაქე.

აქვე, მინდა კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი გითხრათ, რომ დღეს დილით მოხდა კიდევ 6 ჩვენი თანამოქალაქის უკანონო დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულნი არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ველოდებით, დადასტურებულია უკვე მათი დაკავება.

კოორდინირებულად მიმდინარეობდა ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციების, მათ შორის, კიბეროპერაციების, ასევე, საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენება. გასულ წელს დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიები ქვეყანაში არსებული აქტუალური საკითხებისა და რეგიონში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ წარმოიქმნა. აღნიშნულში ჩართულნი იყვნენ როგორც გარე, ისე ქვეყნის შიგნით მოქმედი აქტორები. აღნიშნული კამპანიების უმთავრეს მიზანს კვლავ საგარეო პოლიტიკურ კურსზე გავლენის მოხდენა წარმოადგენდა,”- განაცხადა სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა.