შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა – რამდენი ადამიანი დასაქმდა?

სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა 1 მარტს ამოქმედდა და მის ფარგლებში საარსებო შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს საჯარო უწყებაში სხვადასხვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა აქვთ.

მთავრობა აანონსებდა, რომ ამ პროგრამის მეშვეობით ათიათასობით შრონისუნარიანი და სოციალური შემწეობის მქონე მოქალაქის დასაქმება იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის ივნისის მდგომარეობით, პროგრამაში ჩართულთა რაოდენობა 20 ათასს არ აღემატებოდა:

“საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიმართა 42.9 ათასზე მეტმა
მოქალაქემ, საიდანაც 18.3 ათასზე მეტი გადამისამართდა კონკრეტულ ვაკანსიაზე, სოციალური ხელშეკრულება გაფორმებული იქნა 12.6 ათასამდე პროგრამის მოსარგებლესთან, მათ შორის: 922 ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ებშია გაფორმებული, ხოლო 11.6 ათასზე
მეტი ხელშეკრულება, ადგილობრივ თვითმმართველობებში გაფორმდა.

თბილისი – 130, იმერეთი – 1 948, კახეთი -1 852, ქვემო ქართლი – 441, შიდა ქართლი – 260, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2 060, აჭარა – 1023, სამცხე-ჯავახეთი – 659, მცხეთა-მთიანეთი – 496, გურია – 1 731, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1 030,”- ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.

სოციალური დასაქმების პროექტის ფარგლებში ვაკანსიებზე მოქალაქეები სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდნენ, მათ შორის სკოლის დარაჯად, მეეზოვედ, ელექტრიკოსად, რეინჯერის დამხმარედ, დამლაგებლად და სხვა პოზიციებზე.
მთავრობის ინფორმაციით, სრულ განაკვეთზე ამ პოზიციებზე ანაზღაურება 300 ლარი, ნახევარ განაკვეთზე კი 150 ლარია.