გამოცემა Foreign Policy საქართველოში ბოლოდროინდელ ამბებს ეხმაურება. ე.წ. „აგენტების კანონის“ გაწვევას ის ვრცელ სტატიას უძღვნის და თვლის, რომ რუსეთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებით აღშფოთებულია.
რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს პარლამენტმა, პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების მინიმუმ 20%-ს იღებენ უცხოური სუბიექტებისგან, უცხოურ აგენტებად მოიხსენიებენ. გარდა ასეთი სტიგმისა, მთავრობას შეეძლება ჩაატაროს გამოძიება, ჰქონდეს წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, მოითხოვოს დეტალური ანგარიში და დააწესოს შეზღუდვები, ჯარიმები და პატიმრობა მედიისა და სამოქალაქო ჯგუფებისთვის, რომლებსაც შეუსაბამოდ მიიჩნევს. გამოცემის ვერსიით, კანონპროექტი ძალიან ჰგავს რუსეთის “საგარეო აგენტების აქტს”, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ არღვევს გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლებას და ფაქტობრივად ხელს უშლის ქვეყნის სამოქალაქო სექტორს.
კანონის წინააღმდეგ დედაქალაქის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამართა მოსახლეობამ. საზოგადოების აღშფოთებამ, პირველ ეტაპზე იმუშავა: კანონის პირველი მოსმენით მიღებიდან რამდენიმე დღეში ის უკან გაიწვიეს, აქციის დროს დაკავებული მოქალაქეები კი გაათავისუფლეს.
Foreign Policy წერს, რომ ცვლილებამ აღშფოთება გამოიწვია მოსკოვში, „რომელიც საქართველოს დაბრუნებას კრემლის ორბიტაზე ცდილობს“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საპროტესტო აქციებს „ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მცდელობა“ უწოდა და ის კიევის მაიდანს შეადარა.
ლავროვმა თქვა, რომ დემონსტრაციები „ორგანიზებული“ იყო საზღვარგარეთიდან, რომლის მიზანი „რუსეთის საზღვრებზე გამღიზიანებლების“ შექმნა იყო.
გამოცემის ვერსიით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გაიმეორეს კრემლის ნარატივი, რომ საპროტესტო აქციები იყო საზღვარგარეთიდან წამოწეული გადატრიალების მცდელობა. 12 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომიტინგეებს „ სატანის სამოსში “ გამოწყობილი „ დესტრუქციული ანარქისტები“ უწოდა და დასავლეთი სავარაუდო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.
საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ კანონპროექტი შემუშავებულია შეერთებული შტატების „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მიხედვით, რომელიც ასევე გამოიყენება კრემლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის აღწერისას . აშშ- ის კანონი მოითხოვს ლობისტებს უცხოური მთავრობების დარეგისტრირებას, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს ან მედიას ის უცხოურ აგენტებად არ მოიხსენიებს.
რუსეთი აღფრთოვანებულია საქართველოს დემოკრატიული დაცემით, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ქვეყნის სწრაფვას გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო.
საპროტესტო აქციებმა აჩვენა, რომ გაბრაზებულ მოქალაქეს აშკარად არ ეშინია საქართველოს დემოკრატიისთვის ბრძოლა. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საშინაო ბრძოლა. რუსული იმპერიალისტური ამბიციები გაფართოვებულია და კრემლი გააგრძელებს თავისი გავლენის ოპერაციებს, რათა საქართველო დარჩეს დემოკრატიისა და დასავლეთის მიღმა.
ამერიკელმა და ევროპელმა ლიდერებმა, თავის მხრივ, უნდა გააძლიერონ ზეწოლა „ქართული ოცნების“ მთავრობაზე რეფორმების განსახორციელებლად და ამავე დროს, იპოვონ გზები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული აქტივისტების მხარდასაჭერად და წახალისებისთვის. თუმცა, საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა ეკისრება ქართველ ამომრჩევლებს, უარყოს ანტიდემოკრატიული მთავრობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ქართველებმა თავიანთი ქვეყნის გზა ერთხელ უკვე შეცვალეს და ეს კიდევ შეუძლიათ.