შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გია ვოლსკი – არავითარი წინაპირობა იმისა, რომ ცესკოს ან სასამართლოს ობიექტურობაში რაიმე ეჭვი შევიტანოთ, არ არსებობს – დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და გამოძიების ჩატარების ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია

არავითარი წინაპირობა იმისა, რომ ცესკოს ან სასამართლოს ობიექტურობაში რაიმე ეჭვი შევიტანოთ, არ არსებობს – ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და გამოძიების დამოუკიდებლად ჩატარების ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია, – ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის პასუხი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, აშშ-ს სურს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება იხილონ.

ვოლსკის თქმით, წინასწარი მონაცემებით, ყველა დარღვევას აქვს სათანადო შეფასება, ყველა საჩივარი განიხილება და მას საერთაშორისო ზედამხედველობა ექნება.

„ცესკო და სხვა სტრუქტურები საკმაოდ კომპეტენტურია. არავითარი წინაპირობა, რომ ცესკოს ან სასამართლოს ობიექტურობაში რაიმე ეჭვი შევიტანოთ არ არსებობს.

ვნახავთ შედეგებს, რომლის საფუძველზეც ყველა მიხვდება, რომ დარღვევების ის ჩამონათვალი, რომელიც დღეს კონკრეტულ სუბიექტებს აწუხებთ, გამოძიებული იქნება და ეს მაღალკვალიფიციურად შეფასდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.