შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ივანე ჩხაიძე – 1-ელი ივლისის მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ყივანახველას 700-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული – წლის ბოლომდე, ალბათ, მეტად გაიზრდება, ალბათ, 10-ჯერ მეტი იქნება, გასულ წელთან შედარებით

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, 1-ელი ივლისის მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ყივანახველას 700-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.

როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განმარტა, 2024 წელი ყივანახველას შემთხვევების მკვეთრი მატებით გამოირჩევა.

„გასულ წელს, მთელი წლის განმავლობაში, 119 შემთხვევა გვქონდა დაფიქსირებული. წელს, 1-ელი ივლისისთვის, შემთხვევათა რაოდენობა 700-ზე მეტია. 2024 წელი მართლაც გამოირჩევა შემთხვევების მკვეთრი მატებით. წლის ბოლომდე, ალბათ, მეტად გაიზრდება. ალბათ, 10-ჯერ მეტი იქნება წელს, გასულ წელთან შედარებით. ეს სტატისტიკა ასახავს იმ მაჩვენებელს, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრშია დაფიქსირებული. არ ნიშნავს, რომ მარტო 700 შემთხვევა გვაქვს, უფრო მეტია. მიმდინარე წელი ყივანახველას გავრცელების სტატისტიკა გამორჩეულია“,- აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.

როგორც ივანე ჩხაიძემ განმარტა, მთავარია, მშობლებმა ყურადღება მიაქციონ ხველის გახანგრძლივების ფაქტს, ვინაიდან, დაავადების დაწყებიდან 2 კვირამდე პერიოდში ვითარდება ტიპური რეპრიზი, ყივილის მსგავსი ხმა, რომელიც მოჰყვება რამდენიმე შეუჩერებელი ხველის ეპიზოდს.

მისივე თქმით, პრევენციის ერთადერთი საშუალებაა ანტიბიოტიკი, რომელიც ფილტვების ანთების გართულების პრევენციის მიზნით ინიშნება.