შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარეობს ხარაჩოს მოწყობა ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს დაზიანებული ლორფინის გადახურვის ნაწილის აღდგენისთვის.

მათივე ცნობით, საკათედრო ტაძრის გუმბათის წვერზე ხარაჩოს მოწყობის პროცესი სრულდება, რაც, შესაბამის საპროექტო სამუშაოებთან ერთად, ტაძარზე ჯვრის აღმართვის აუცილებელი წინაპირობაა.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აქტიურ სამუშაოებს განაგრძობს. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ხარაჩოს მოწყობა ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს დაზიანებული ლორფინის გადახურვის ნაწილის აღდგენისთვის.

პარალელურად, არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით საეპისკოპოსო სახლის კონსტრუქციული მდგრადობის დასადგენად ნატურაში გრძელდება საინჟინრო კვლევითი სამუშაოები. გარდა ამისა, საკათედრო ტაძრის გუმბათის წვერზე ხარაჩოს მოწყობის პროცესი სრულდება, რაც, შესაბამის საპროექტო სამუშაოებთან ერთად, ტაძარზე ჯვრის აღმართვის აუცილებელი წინაპირობაა.

ამასთანავე, ინტენსიურად მიმდინარეობს ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათისა და კარიბჭე-სამრეკლოს საპროექტო-კვლევითი სამუშაოები.

ინფორმაციისთვის, 25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთ მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით სასწრაფოდ დაიწყო და გრძელდება ტაძრის ირგვლივ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ სრულფასოვნად მუშაობა.

ალავერდში გაიგზავნა 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად ალავერდში ჩავიდა და შექმნილ მდგომარეობას გაეცნო.

ასევე, მიმდინარე წლის 7 ივლისს სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებულ ვითარებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო. მთავრობის მეთაურს სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.