2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2024 წლის 30 იანვრამდე ჩათვლით პერიოდში, „112“-ის მონიტორინგის ცენტრის მიერ ელექტრონული ზედამხედველობა ძალადობაში ბრალდებული 143 პირის მიმართ განხორციელდა.
საქმე ეხება, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის აღსრულებას.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან „112“-დან „ინტერპრესნიუსს“ საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, ამავე პერიოდში ელექტრონული ზედამხედველობა დაიწყო 156 პირზე, საიდანაც 13 შემთხვევაში სასამართლოს მიერ შსს-ს უფლებამოსილ ორგანოს უარი ეთქვა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცებაზე.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის შესაბამისად, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან 2024 წლის 30 იანვრის ჩათვლით პერიოდში ელექტრონული ზედამხედველობა დაიწყო 156 პირზე, საიდანაც 13 შემთხვევაში სასამართლოს მიერ შსს-ს უფლებამოსილ ორგანოს უარი ეთქვა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცებაზე, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 26 აგვისტოს №126 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესის მე-18 მუხლის თანახმად, დაწყებული ელექტრონული ზედამხედველობის დაუყოვნებლივ შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მონიტორინგის ცენტრის მიერ ელექტრონული ზედამხედველობა განხორციელდა 143 მოძალადის მიმართ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კითხვაზე, აღნიშნული ელექტრონული სამაჯურის გამოყენების დროს რამდენ შემთხვევაში დაარღვია მოძალადემ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები და მიუახლოვდა მსხვერპლს, ასევე, „112“ -მა რამდენ შემთხვევაში აღკვეთა მოძალადის მხრიდან დანაშაულის კვლავ ჩადენა, უწყებაში ამბობენ, რომ „ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას მოძალადის მიერ გეოგრაფიული ზონების დარღვევისას (როგორც განზრახ, ასევე შემთხვევით შეხვედრისას) საგანგაშო შეტყობინება მასზე მყისიერი რეაგირების მიზნით იგზავნება ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში და მათი სტატისტიკური დამუშავება არ ხდება“.
„რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც ეხება ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების პერიოდში მოძალადის მიერ გეოგრაფიული ზონების დარღვევის შემთხვევებს და მათი განმეორების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს, მოგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №126 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - წესი) მე-9 მუხლის თანახმად, ელექტრონული ზედამხედველობა მოიცავს ორ გეოგრაფიულ ზონას: ა) საგანგაშო ზონა: დაცვის შიდა ზონა (მსხვერპლის ადგილსამყოფლიდან, მისი საცხოვრებელი სახლიდან, სამსახურიდან და სხვა ადგილებიდან 100 მეტრის რადიუსში არსებული გეოგრაფიული ზონა); ბ) ბუფერული ზონა: დაცვის გარე ზონა (საგანგაშო ზონის ირგვლივ არსებული 500-მეტრიანი გეოგრაფიული ზონა). არსებობს სტატიკური და დინამიკური საგანგაშო/ბუფერული ზონა. სტატიკური საგანგაშო/ბუფერული ზონა გულისხმობს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში მითითებულ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებთან (სახლი, სამსახური და სხვა ადგილი) არსებულ გეოგრაფიულ ზონებს. დინამიკური საგანგაშო/ბუფერული ზონა გულისხმობს მსხვერპლის გადაადგილებისას მისი ადგილმდებარეობის შესაბამისად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ზონებს. წესის მე-16 მუხლის თანახმად, სტატიკურ ბუფერულ ზონაში (სახლი, სამსახური და ა.შ.) შეღწევისთანავე მოძალადე მონიტორინგის ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ იღებს გაფრთხილებას ტერიტორიის დაუყოვნებლივი დატოვებისა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.
მოძალადის მიერ სტატიკური ბუფერული ზონის დატოვების შესახებ მიღებული გაფრთხილების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მოძალადის მიერ გაფრთხილების შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაცია ეგზავნება სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს. მოძალადის მიერ საგანგაშო ზონაში (100 მეტრიანი გეოგრაფიული ზონა) განზრახ შეღწევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მოძალადის საგანგაშო ზონაში შეღწევის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის მიეწოდება უფლებამოსილ ორგანოს. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სივრცეში მოძალადე დინამიკურ ბუფერულ/საგანგაშო ზონაში შემთხვევით მოხვდება, უფლებამოსილი მოსამსახურე უკავშირდება მოძალადეს და აძლევს მითითებას ბუფერული/საგანგაშო ზონის დატოვების შესახებ მოძალადისა და მსხვერპლის შემთხვევითი შეხვედრის თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მსხვერპლისა და მოძალადის ბუფერულ/საგანგაშო ზონაში შემთხვევითი მიახლოება ხდება დროის მცირე ინტერვალში და, ამასთან, აღნიშნულის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით. დამატებით გაცნობებთ, რომ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას მოძალადის მიერ გეოგრაფიული ზონების დარღვევისას (როგორც განზრახ, ასევე შემთხვევით შეხვედრისას) საგანგაშო შეტყობინება მასზე მყისიერი რეაგირების მიზნით იგზავნება ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში და მათი სტატისტიკური დამუშავება არ ხდება. შესაბამისად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ განცხადებით მოთხოვნილი ზემოაღნიშნული ინფორმაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.