ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის ფორმატში, რიგით 120-ე შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის ფორმატში, რიგით 120-ე შეხვედრა მიმდინარეობს

23-07-2024 07:03

ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 120-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს, განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს განიხილავენ.

„დღევანდელ შეხვედრაზე დღის წესრიგის მთავარი საკითხი გახლავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 8 თანამოქალაქე და მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ მათ მიმართ გამოყენებული იყოს ჰუმანიტარული მიდგომა და დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.

გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდება ასევე შეხვედრებს შორის დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე - როგორც უკანონო დაკავებებზე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ასევე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციაზე. შეხვედრებს შორის -16 მაისიდან 22 ივლისამდე პერიოდში, დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 8 შემთხვევა. აქედან, მაისში დაფიქსირდა 5 შემთხვევა, 2 - ივნისში და 1 დაფიქსირდა ივლისის თვეში. რაც შეეხება არეალს, ამ პროცესმა მოიცვა გორის და ქარელის მუნიციპალიტეტები და ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტი - გრემისხევის მიმდებარე ტერიტორია. რაც შეეხება აქტივობას, სრული სპექტრით იყო წარმოდგენილი ეს უკანონო აქტივობები, ვგულისხმობ როგორც ადრე აღმართული უკანონო ინსტალაციების განახლებას და შეკეთებას, ასევე ახალი უკანონო ინსტალაციების მონტაჟს, შესაბამისად, ამ საკითხზეც გაკეთდება აქცენტი. ამ პერიოდში ახალი ინსტალაციები დამონტაჟდა გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში, კერძოდ, ეს არის კოდის მიმართულება და ოკუპირებული წნელისის მიმართულება, სადაც დაფიქსირდა გარკვეული ტიპის აქტივობები. რომ გითხრათ, რომ ეს იყო ძალზე ფართომასშტაბიანი, ეს ასე არ არის, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პრინციპული პოზიცია გახლავთ ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი იქნება დაფიქსირებული ამგვარი შემთხვევა, ვიდრე, თუნდაც, ერთი ფაქტი დაფიქსირდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ან უკანონო დაკავების, ეს არის უმძიმესი ინციდენტი“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი რამაზ ბეღელურისთვის რვათვიანი ე.წ. სასჯელის შეფარდებასთან და ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ანთაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე განმარტებების მოსმენას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე ელიან.

„რამაზ ბეღელურთან დაკავშირებით, ისევე როგორც უკანონო პატიმრობაში მყოფ ყველა ჩვენს თანამოქალაქესთან დაკავშირებით, „ცხელი ხაზის“ მეშვეობით კომუნიკაცია არის პერმანენტული, ყოველდღიური და რიგ შემთხვევებში - დღეში რამდენჯერმე, პროცესს თვალს ადევნებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რაც შეეხება რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანმრთელობის სტატუსი ყოველთვის მოწმდება, ბოლოს მიღებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, რაც შეეხება უკანონო ე.წ. სასჯელის შეფარდებას, რა თქმა უნდა, ეს არის უკანონო ქმედება და ამ საკითხზე განმარტებების მოსმენას ველით დღევანდელ შეხვედრაზე“, - აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

პოსტი ნახა: 74


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!