პოლონეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, რუმინეთსა და ავსტრიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სამხრეთ პოლონეთში მოქალაქეების მხარდასაჭერად 5 000-ზე მეტი ჯარისკაცია განლაგებული. აღსანიშნავია, რომ ნიზაში წყლის დონემ კლება დაიწყო მას შემდეგ, რაც ქალაქის მერმა, სადაც 40 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
ამასთან, მდინარე დუნაის ადიდების გამო, სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა და უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი შესაძლო წყალდიდობისთვის ემზადებიან.
ძლიერი წვიმებია იტალიაშიც. იტალიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ მოსალოდნელია ძლიერი ქარი და შტორმი, რომელიც ხუთშაბათამდე გაგრძელდება. ქვეყნის სამოქალაქო დაცვის ეროვნულმა სამსახურმა 50 რეგიონში ხვალისთვის განგაშის ყვითელი დონე გამოაცხადა და საზოგადოება გააფრთხილა, რომ არსებობს ქარიშხლის, მეწყრული პროცესებისა და წყალდიდობის საშიშროება.