სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რითაც 20 ივნისის მოვლენებზე კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას უპასუხა.
გახარიას განმარტებით, მან მხოლოდ ცრემლსადენის გაზის და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გასცა.
„ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს – გავეცი მე. სხვა შემთხვევებში, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმში,“ – განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე: ვინ გასცა სპეციალური საშუალებების [რეზინის ტყვიების] გამოყენების ბრძანება, გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, ვინ გასცა სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება.
„მე რომ მცოდნოდა, [ჩემთვის] ცნობილი რომ ყოფილიყო, რომ ასეთ ბრძანება არსებობდა, ან ვინმემ გასცა, რა თქმა უნდა, მე ამას დაკითხვის დროს, გამოძიებას შევატყობინებდი,“ – განაცხადა გახარიამ.
კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვაზე, თუ რა თანმიმდევრობით გამოიყენა სხვადასხვა საშუალებები, რომელზეც მან გასცა ბრძანება, გახარია პასუხობს, რომ ჯერ ცრემლსადენი გაზი, შემდეგ კი ჭავლი.
„ზუსტად იმ თანმიმდევრობით, რომელიც არის პოლიციის შესახებ კანონში. ჯერ ცრემლსადენი გაზი, შემდეგ წყლის ჭავლი,“ – განაცხადა გახარიამ.
წულუკიანის კითხვაზე, თუ რა მომენტში იქნა გამოყენებული ტყვიები, გახარია პასუხობს, რომ „სადღაც შუაში, ცრემლსადენ გაზსა და წყალს შორის“.
„როგორც მახსოვს, ეს მოხდა სადღაც შუაში. [ცრემლსადენ გაზსა და წყალს შორის?] დიახ,“ – განაცხადა გახარიამ.წულუკიანმა გახარიას ასევე ჰკითხა, თუ სად იმყოფებოდა ოპერაციის მართვის პერიოდში, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ თავიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა, შემდეგ კი პარლამენტში გადაინაცვლა. ამასთან, გახარია ამბობს, რომ 20 ივნისის მოვლენების დროს, პარლამენტი „ქართული ოცნების“ წევრებისგან დაცლილი იყო.
„ნაწილობრივ სამინისტროდან, შემდეგ პარლამენტში, რომელიც დაცლილი იყო, სხვათა შორის. გატენილი იყო „ნაცებით“ და „ქართული ოცნების“ არც ერთი წარმომადგენელი აქ არ იყო. შემდეგ ძლივს ვეძებეთ და ესე ცალ-ცალკე ვეცადეთ, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები შენობაში დაგვებრუნებინა. ესეც სიმართლეა,“ – განაცხადა გახარიამ.