ევროპა დაინტერესებულია იმაში, რომ ალტერნატიული ენერგორესურსი ჰქონდეს სწორედ აზერბაიჯანიდან და საქართველოს დერეფანი, რა საკვირველია, ერთადერთი ალტერნატიული შესაძლებლობაა ამისათვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„საგანგებო მნიშვნელობა აქვს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ თანამშრომლობას და ეს არ არის მხოლოდ ამ ორი ქვეყნის ინტერესების სფერო. ევროპა, მისი ბაზარი დაინტერესებულია იმაში, რომ ალტერნატიული ენერგორესურსი ჰქონდეს სწორედ აზერბაიჯანიდან და საქართველოს დერეფანი, რა საკვირველია, ერთადერთი ალტერნატიული შესაძლებლობაა ამისათვის. ამ თემებზე მოლაპარაკების პერიპეტიებს თუ გადავხედავთ, ძალიან მარტივად დავასკვნით თუ ვის სჭირდება დესტაბილიზაცია საქართველოში, როდესაც ესოდენ მნიშვნელოვან თემებზე მიდის მსჯელობა. სატრანზიტო მიმართულებით საუბარი დღეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 24 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.