გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია, 2024-2025 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის, 20 ივნისიდან დაიწყება.
სააგენტოს ცნობით, პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება.
პირველი ეტაპი 20-დან 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და დარეგისტრირებას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთა და-ძმაც უკვე კონკრეტული ბაღის აღსაზრდელია. პირველ ეტაპზე ბაგა–ბაღებში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია სასურველი ბაღის დირექტორთან უნდა წარადგინონ და განცხადება დაწერონ.
რაც შეეხება მეორე ეტაპს, პროცესი 25 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება და 5 ივლისის 18:00 საათზე დასრულდება.
მეორე ეტაპზე დარეგისტრირებას ყველა მსურველი შეძლებს. ქალაქში მდებარე ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ ელ.მისამართზე: www. gorikids. ge, ხოლო რაიონის ბაღებში ჩასარიცხად განცხადება მშობელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა) ადგილობრივი ბაღის დირექტორთან უნდა დაწეროს.
„ელექტრონული რეგისტრაციის მომენტში დაგჭირდებათ ბავშვის დაბადების მოწმობა. მას შემდეგ, რაც წარმატებით გაივლით რეგისტრაციას, საჭირო დოკუმენტებს წარადგენთ სააგენტოში. დოკუმენტების წარდგენას 22 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით შეძლებთ.
დაგჭირდებათ: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი (3X4); მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; რაიონის ბაღის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში - ფორმა №100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.
სასკოლო მზაობის ცენტრებში აღსაზრდელთა ჩარიცხვის მსურველ მშობლებს კი, 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ სააგენტოში (სტალინის გამზ №16) დაწერონ განცხადება და წარადგინონ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები“, - აცხადებენ სააგენტოში.