გრენლანდიის მთავრობა აპირებს, კუნძულზე მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს ანონიმური და უცხოური შემოწირულობების მიღება აუკრძალოს. ამის მიზეზია შიში, რომ უცხოური ძალები მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან.
გრენლანდიის პარლამენტის სპიკერმა, მიმი კარლსენმა განაცხადა, რომ პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა „პოლიტიკურ პარტიების დაფინანსების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. საინფორმაციო საიტის, Sermitsiaq-ის ცნობით, შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ უკვე შეიმუშავა. აკრძალვა მიზნად ისახავს გრენლანდიის პოლიტიკურ ცხოვრებაში თამაშის სამართლიანი წესების დაცვის უზრუნველყოფას.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რათა საკანონმდებლო ცვლილებები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე შევიდეს ძალაში.
კარლსენი მიიჩნევს, რომ საკითხის განხილვა გრენლანდიის მიმართ საერთაშორისო ინტერესის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
„სუპერსახელმწიფოს წარმომადგენლებმა, რომლებიც ჩვენი მოკავშირეები არიან, გრენლანდიის ხელში ჩაგდებისა და მართვის მიმართ ინტერესი გამოხატეს“, - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა, რომელსაც, ამ შემთხვევაში, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლო კომენტარი ჰქონდა მხედველობაში.
ტრამპის განცხადებით, გრენლანდიის კონტროლი აშშ-ს უსაფრთხოებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ამიტომ, ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს.
კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს არ შეუძლიათ მიიღონ უცხოური ან ანონიმური შემოწირულობები, რომლებიც 200 ათას დანიურ კრონს აღემატება, ასევე ფიზიკური პირების მიერ გაღებული შემოწირულობები, თუ ინდივიდუალური დონორების გადახდილი თანხა 20 ათასს დანიურ კრონზე მეტია.