მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება საპატრიარქოს არასოდეს უნდოდა, „ქართული ოცნება“ ამ მარცხს ასე მარტივად არ შეეგუება, მაგრამ არც ეკლესიისგან ვხედავ დათმობის შანსს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ხვიჩიას თქმით, ცუდ დროს ცუდი პროცესი დაიწყეს.
„ქართულ ოცნებას“ ეს იდეა ჰქონდა, რათა წინასაარჩევნოდ წარმოჩინდნენ, როგორც მართლმადიდებლობაზე, ერზე მზრუნველი ერის კაცებიც და ბერის კაცებიც. შესაბამისად, ისეთი ლუკმის გადაყლაპვა მოინდომეს, რომელიც კარგად დაღეჭილი არ იყო და გარანტია არ არსებობდა, რომ ეს ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა. ასეც მოხდა. ეს ლუკმა ზედმეტად დიდი აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაეყლაპა და ახლა იმის გამართლება მიმდინარეობს, ეს საქმე რატომ არ გამოვიდა. თურმე ეკლესიის როლის დაფასება უნდოდათ. მისი როლი ისედაც დაფასებულია – წერია, რომ მას განსაკუთრებული როლი აქვს. ამ წინადადებას ერთ სიტყვას თუ დაამატებენ, მაშინ, არ ვიცი.
მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება საპატრიარქოს არასოდეს უნდოდა. მთავარი არგუმენტია, რომ ეკლესიის ადმინისტრაციულ ორგანოდ ქცევა მის მესვეურებს არ უნდათ. ამ ცვლილებით სახელმწიფო პრეტენზიას აცხადებდა, რომ ეკლესიაში, პატრიარქის დანიშვნით დაწყებული, ყველაფერი მას გადაეწყვიტა, რაც არ მოეწონათ და არ გაუტარეს. ვფიქრობ, ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. „ქართული ოცნება“ ამ მარცხს ასე მარტივად არ შეეგუება, მაგრამ არც ეკლესიისგან ვხედავ დათმობის შანსს, რადგან ცუდ დროს ცუდი პროცესი დაიწყეს და თან შეუთანხმებლად. ასე იცის სრულმა ძალაუფლებამ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.