აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა სამხრეთ კავკასიის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილად აქციეს.
„ჩვენთვის საქართველოსთან ურთიერთობები ცალსახად სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენ ერებს ისტორიული კავშირი აქვთ, საერთო წარსულით, რომელიც იყო არათავისუფალი, დამოუკიდებლობის გარეშე. გვაქვს აგრეთვე დამოუკიდებლობის პერიოდი. საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიდანვე მაღალი დონის ურთიერთგაგება, პარტნიორობა, მეგობრობა აჩვენეს და სამხრეთ კავკასიის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილად აქციეს. ეს მხოლოდ ჩვენ, საქართველომ და აზერბაიჯანმა გავაკეთეთ“, - თქვა ალიევმა.
მისი განმარტებით, საქართველო და აზერბაიჯანი ორ ზღვა შუა არიან განლაგებულნი და ერთმანეთისთვის კარიბჭეს წარმოადგენენ.
„კასპიის და შავი ზღვებს შორის მდებარეობით ჩვენ ერთმანეთისთვის სხვადასხვა რეგიონებთან და კონტინენტებთან საკონტაქტოდ კარიბჭე ვართ. პერსპექტივა, დარწმუნებული ვარ იქნება ნათელი. უკანასკნელი მოვლენებიც ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე მეტყველებს“, - დასძინა ალიევმა.
აზერბაიჯანის ლიდერის განცხადებით, შემთხვევით არ მომხდარა ის, რომ იანვარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრა. მისი თქმით, მალე ბაქოში საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილიც ჩავა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს არჩევნების შემდეგ ძალიან სიმბოლურს ვუწოდებდი. მისი პირველი ვიზიტი იყო აზერბაიჯანში. ჩვენ აგრეთვე მალე აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ველოდებით. ეს ორი ფაქტი ჩვენს ურთიერთობებზე, ვალდებულებებზე ერთმანეთის მიმართ ნათლად მეტყველებს“, - თქვა ალიევმა.