ირაკლი კობახიძე - საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია 

ირაკლი კობახიძე - საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია 

18-03-2024 08:06
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საქართველო არის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი - ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ნატო - საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული თემატიკა განიხილეს.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი 10-წლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს, თუმცა თქვენი ლიდერობით მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ასევე, ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო ნატო-ს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველო არის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა. წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ, ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. მთლიანი თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა, არის საფრთხის ქვეშ. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი, ძალიან ძლიერი გამოხატულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოსტი ნახა: 151


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!