„ჰეზბოლამ“ დრონის გამოყენებით ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლზე იერიში მიიტანა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ლიბანიდან გაშვებული დრონის სამიზნე კესარიაში მდებარე პრემიერ-მინისტრის კერძო სახლი იყო. შემთხვევის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონი, რომელიც პრემიერ-მინისტრის სახლს მოხვდა ლიბანიდან გაშვებული სამი დრონიდან ერთ-ერთი იყო, დანარჩენი ორი კი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.
შემთხვევის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ „მას ვერაფერი შეაჩერებს და ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს“.
„როგორც იცით, ორი დღის წინ ჩვენ მასობრივი მკვლელის, იაჰია სინვარის ლიკვიდაცია განვახორციელეთ, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ეგზისტენციალურ ომში ვართ და მას ბოლომდე ვაგრძელებთ“, - აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.