სანქციები ვერ იქნება შემაჩერებელი. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს და მომავალს, ვერანაირი სანქცია ვერ შეგვაჩერებს, სანქციების არავის ეშინია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტში 13 თებერვალს საქართველოს საკითხზე დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას და ინფორმაციას, რომ რეზოლუცია გარკვეული პირების სანქცირებას შეეხება.
კალაძის შეფასებით, დასავლეთში კონკრეტული ბიუროკრატები გაგიჟებულები არიან, რომ მათ საქართველოში მარცხი განიცადეს.
„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები ვერ იქნება შემაჩერებელი. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს და მომავალს, ვერანაირი სანქცია ვერ შეგვაჩერებს, სანქციების არავის ეშინია. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ის კონკრეტული კორუმპირებული, გაბოროტებული ბიუროკრატები (ყველაზე საუბარი არ მაქვს), უბრალოდ გაგიჟებულები არიან, რომ მათ განიცადეს მარცხი. ისინი დამარცხდნენ საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ კორუმპირებულ ევროპულ ბიუროკრატიას უთხრა - „არა“ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, ასევე მხარი დაუჭირა იმას, რომ ქვეყანამ გააგრძელოს განვითარება, არ შეუერთდეს სანქციებს, ქვეყანაში არ გაჩაღდეს მეორე ფრონტი და ის კატასტროფული მდგომარეობა არ მივიღოთ, რაც დღეს უკრაინაშია“, - განაცხადა კალაძემ.