მამაკაცს, რომელიც საკუთარ 14 წლის შვილს 2 წლის განმავლობაში აუპატიურებდა და ემუქრებოდა გარყვნილი ქმედების შესახებ ინფორმაცია დაემალა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც კახეთის ერთ-ერთ სოფელში მამა არასრულწლოვან ქალიშვილზე სექსუალურად მუდმივად ძალადობდა და შანტაჟის გზით ცდილობდა სკოლის მოსწავლეს მომხდარზე არ ესაუბრა.
დანაშაული კახეთში, ერთ-ერთ სოფელში მოხდა. არასრულწლოვანმა მშობლის მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლო და სქესობრივი ძალადობის შესახებ სკოლაში მასწავლებელს უამბო. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ დანაშაულზე ინფორმაცია სამართალდამცველებს დირექტორმა მიაწოდა. 14 წლის გოგონას უმძიმესი ისტორიის გახსენება, სასწავლო დაწესებულებაში დღეს უკვე არავის სურს.
მომხდარი დანაშაულის გამო, მსხვერპლი მოზარდი იძულებული გახდა სხვა სკოლაში გადასულიყო და ის ადგილიც დაეტოვებინა, სადაც დაბადებიდან ცხოვრობდა. სახლს უკვე რამდენიმე თვეა ბოქლომი ადევს. ადგილობრივებმა ოჯახი ბოლოს მაშინ ნახეს, როდესაც მათთან პოლიცია მივიდა და შვილის გაუპატიურების ბრალდებით, 50 წლამდე მამაკაცს ხელბორკილები დაადეს.
14 წლის მოზარდის ამბავი სოფელში თითქმის ყველამ იცის, თუმცა ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მამის მხრიდან შვილზე სქესობრივი ძალადობის შესახებ არ იცოდნენ, საეჭვოც ოჯახისთვის არაფერი შეუნიშნავთ. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ მოზარდის გარდა, 50 წლამდე მამაკაცი მეუღლესაც ფიზიკურად უსწორდებოდა. ქალის ჩვენება საქმეშიც დევს, მოძალადე მას ამ ჩვენების შეცვლასაც აიძულებდა. უკვე ცნობილია, რომ უვადო პატიმრობის გადაწყვეტილებას, მსჯავრდებულის ადვოკატი გაასაჩივრებს.
წყარო: რუსთავი 2