ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი, მე პირადად, - ამის შესახებ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კირბალში უკანონოდ დაკავებულმა, ლევან დოთიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის მედიასთან რამდენიმე საათში გააკეთებს კომენტარს და ვრცლად ისაუბრებს 6 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე.
„ყველა მაგ მოლოდინში ხართ, ჩემს პასუხს ელოდებით, რა მოხდა და რა არა. ცოტა ხანი, 1-2 საათი მაცადეთ, წამოვდგები ფეხზე და მოგცემთ კომენტარს. ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი, მე პირადად“, - ამის შესახებ ლევან დოთიაშვილმა „ფორმულასთან“ სატელეფონო კომენტარში განაცხადა.
ინფორმაციისთვის, თამაზ გინტური, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა გუშინ ქართულ მხარეს გადმოსცეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კირბალში უკანონოდ დაკავებულ ლევან დოთიაშვილს სახის არეში დაზიანება აღენიშნება.
ირაკლი ანთაძის განცხადებით, ლევან დოთიაშვილმა განმარტა, რომ მას დაზიანებები უკანონო დაკავების დროს მიაყენეს, ხოლო უშუალოდ ცხინვალის ტერიტორიაზე არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.
შსს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.