მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ მიმდინარე წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე შესვლას გეგმავდნენ. ეს პროგნოზები იმიტომ არ გამართლდა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ვერ შეასრულეს საკუთარი ვალდებულებები შეიარაღების მიწოდებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მხრივ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყირიმის დეოკუპაციის ანონსები ეფუძნებოდა მათემატიკური ანალიზის შედეგებს - რამდენი და როგორი ტიპის შეიარაღება დასჭირდებოდა უკრაინის ჯარს, როდის მიიღებს ის ამ შეიარაღებას, რა სანქციები იმოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ და რა რაოდენობის თანხას დაკარგავს რუსეთი.
„ჩვენი პროგნოზი ასეთი იყო: თუ შევთანხმდით ომის წარმოების გარკვეულ ინსტრუმენტებზე, ეს ინსტრუმენტები უნდა გვქონდეს 7-10 დღეში, რაც საჭიროა ლოგისტიკისთვის, მაგრამ არა 90 ან 120 დღეში! როგორი შეიარაღება გექნება გარკვეული დროის შემდეგ, ამას ხომ რუსებიც ხვდებიან? რას გააკეთებენ ისინი? რა თქმა უნდა, სტრატეგიული თავდაცვისთვის მოემზადებიან“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.