2024 წლიდან პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„განვიხილეთ სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებული საკითხი. დიდი ინტერესი და მშობლების მხრიდან მომართვაა ბოლო წლებში და საკითხზე ცვლილება დავიწყეთ 2 წლის წინ. სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად მიგვაჩნია, რომ ობიექტური წყალგამყოფია 31 დეკემბრის ჩათვლით, ვისაც 6 წელი შეუსრულდა. ცვლილება შევა შემდეგ სასწავლო წელს და სკოლაში შესვლა შეეძლება მას, ვისაც 6 წელი შეუსრულდა 1-ელ დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026 წლებში უკვე მათ შეეძლებათ სკოლაში შესვლა, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდება. გადაწყვეტილება არის ნებაყოფლობითი და თუ მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვი არაა სკოლისთვის მზად, მშობელს შეუძლია დატოვოს ბაღში და ერთი წლის შემდეგ შეიყვანოს. 2024-2025 სასწავლო წელს პირველკლასელი დამატებით, დაახლოებით 5 ათასი ბავშვი გახდება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.