1-ელი აგვისტოდან პოლონეთი ბელარუსის საზღვართან სამხედრო ოპერაციას იწყებს, რომელშიც 17 000-მდე სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
როგორც პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მიიღება ზომები, რათა იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, საიდანაც არალეგალური მიგრანტები ჩამოდიან, იცოდნენ, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის გადაკვეთა დანაშაულია.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინაკ-კამიშის თქმით, პასუხს აგებენ ისინი, რომლებიც რაიმე სახით შეურაცხყოფას მიაყენებენ პოლონეთის არმიის ჯარისკაცებს, რომლებიც იცავენ პოლონეთის საზღვარს.
მანამდე, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის პატრულირებაში დასახმარებლად ფინეთს, გერმანიასა და საბერძნეთს მიმართა. ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ ცნობით, 2024 წლის პირველ ხუთ თვეში თითქმის გაორმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში გადასვლას ბლოკის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ ცდილობენ.