1000-ზე მეტი პატიმარი მე-9 დღეა უშედეგოდ ელოდება პრეზიდენტის მიერ „ამნისტიის შესახებ“ კანონის ხელმოწერას და ნანატრ თავისუფლებას - გამოსავალი არსებობს და ეს ხალხი მაინც გავა გარეთ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
მინისტრის თქმით, პრეზიდენტი კანონს ხელს „რთულად ამოსახსნელი მიზეზის გამო ხელს არ აწერს“.
„1000-ზე მეტი პატიმარი მე-9 დღეა უშედეგოდ ელოდება პრეზიდენტის მიერ “ამნისტიის შესახებ” კანონის ხელმოწერას და ნანატრ თავისუფლებას. ამნისტია ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური აქტია, რომელიც ადამიანს ცხოვრების ახლებურად დაწყების საშუალებას აძლევს.
საპარლამენტო უმრავლესობის დიდი მონდომების შედეგად პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ამ დრომდე ვერ ამოქმედდა მხოლოდ იმის გამო, რომ ქალბატონი პრეზიდენტი უბრალოდ, ან უცნობი და რთულად ამოსახსნელი მიზეზის გამო ხელს არ აწერს. არადა ამ ხელის ერთ მოძრაობაზე ათასობით ადამიანის ბედი და უკეთესი მომავალია დამოკიდებული…
გამოსავალი არსებობს და ეს ხალხი მაინც გავა გარეთ. თუ პრეზიდენტი ორ ოქტომბრამდე არ გამოაქვეყნებს კანონს და, არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს პარლამენტს მას, კონსტიტუციის თანახმად, 5 დღის ვადაში ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე“, - წერს რატი ბრეგაძე „ფეისბუქში“.