თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში სამაშველო სამუშაოებში ჩართული მათი თანამშრომელი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა 50 წლის თემურ ხარჩილავა.
უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი იყო.
"2023 წლის 29 აგვისტოს სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა", - წერია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
სტიქიის ზონაში 7 აგვისტოს სამაშველო საქმიანობაში ჩართული კიდევ ერთი ადამიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი მირიან ჭელიძე გარდაიცვალა. ის შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.
29 აგვისტოს მონაცემებით, ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, ორს ამ დრომდე ეძებენ.