Edison Research-ის მიერ წარმოდგენილი ციფრები სანდო რომ იყოს, დღეს ოპოზიცია ერთმანეთს უნდა ხვდებოდეს, ზეიმობდეს და იმაზე თანხმდებოდეს, მომავალ მთავრობაში ვინ იქნება მინისტრი და ვინ დარჩება პარლამენტში, - ასე ეხმაურება ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს პარტია "გირჩის" დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი.
მეგრელიშვილის შეფასებით, პარტიული კვლევები საქართველოში პარტიებს შორის ბრძოლის იარაღია.
მისი თქმით, იმედისმომცემია „გირჩისთვის" დაწერილი მაჩვენებელი, რადგან 2020 წლის არჩევნების შემდეგ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებში პარტია "გირჩი" არც კი იზომებოდა და ყველა კვლევა პარტიას "სხვაში"-ში ატარებდა, რაც 1%-ზე ნაკლებს ნიშნავდა.
„იმის გათვალისწინებით, რომ პარტიული კვლევები გამოიყენება არა სოციოლოგიური მიზნებით, არამედ პარტიებს შორის პოლიტიკური ბრძოლისთვის, გაკვირვებული ვართ, რომ პირველად ისტორიაში, ჩვენმა კონკურენტმა პარტიამ საარჩევნო ბარიერის გადალახვის მაჩვენებელი დაგვიწერა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ალბათ ჩვენ ბევრად კარგი მაჩვენებელი გვაქვს, რისი დამალვაც შეუძლებელია და ეს მათ შორის არჩევნებზეც გამოჩნდება.
მე ამ კვლევებს არ დავეყრდნობოდი, რადგან კომენტარები, რითაც კვლევის პრეზენტირება მოხდა, მიუთითებს, თუ რამდენად არასიმპათიური ვართ ხალხისთვის, ვინც ეს კვლევა ჩაატარა. აქედან გამომდინარე, სექტემბერში ანალოგიურ კვლევაში ჩვენ შეიძლება 2% გვეწეროს.
ამიტომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ კვლევებს, რადგან ის აბსოლუტურად დისკრედიტირებულია", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.