ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი, ხოსე მუხიკა, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ქვეყანას 2010-2015 წლებში მართავდა და, ცხოვრების მოკრძალებული სტილის გამო, მსოფლიოში ცნობილი იყო, როგორც "უღარიბესი პრეზიდენტი".
პოლიტიკოსის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, იგი ბოლო წლებში საყლაპავი მილის კიბოს ებრძოდა.
ლათინურ ამერიკაში მუხიკა ცნობილი იყო კონსუმერიზმისადმი თავისი კრიტიკითა და რეფორმებით, რომლის ფარგლებშიც ურუგვაი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მარიხუანას სარეკრეაციო დანიშნულებით გამოყენება დაუშვა.
საპრეზიდენტო ხელფასის ძირითად ნაწილს ხოსე მუხიკა ქველმოქმედებაში ხარჯავდა, რის გამოც მისი ქონება დიდი არასდროს ყოფილა. პრეზიდენტობის დროს მუხიკას თვიური ხელფასი 260 259 პესოს შეადგენდა, ოფისის დატოვების შემდეგ კი, 2015 წელს, ექსპრეზიდენტის ქონება 8 077 063 პესოდ იყო შეფასებული, რაც, დაახლოებით, 300 000 დოლარია.
პრეზიდენტად გახდომის შემდეგ მუხიკა უარს აცხადებდა საპრეზიდენტო პალასში ცხოვრებაზე და კვლავ თავის დაქირავებულ სახლში რჩებოდა. მისი ერთადერთი დეკლარირებული საკუთრება 1 900 დოლარად შეფასებული, 1987 წელს გამოშვებული Volkswagen Beetle იყო.
1960 წლებში მუხიკა ეროვნულ-გამათავისუფლებელი ორგანიზაციის წევრი იყო, რის გამოც არაერთხელ დააპატიმრეს. ბოლოს 1972 წელს დააპატიმრეს, რის შემდეგაც პოლიტიკოსმა ურუგვაის ციხის მძიმე პირობებში 13 წელი გაატარა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მუხიკა პოლიტიკაში დაბრუნდა. იგი ჯერ სენატორად აირჩიეს, შემდეგ კი სოფლის მეურნეობის მინისტრად დაინიშნა. წინასაარჩევნო პერიოდში მუხიკას საპრეზიდენტო კამპანია განათლების როლის წამოწევასა და სიღატაკის დამარცხებაზე იყო აგებული.
ხოსე მუხიკა ლათინურ ამერიკაში პროგრესული მთავრობების ტალღის ნაწილი იყო. განსხვავებით კოლეგებისგან, არგენტინაში ქრისტინა ფერნანდეზ-დე-კირშნერისა და ველესუელაში ჰიუგო შავეზისგან, მუხიკას ეკონომიკური მიდგომები უფრო პრაგმატული იყო: ის ღია იყო უცხოურო ინვესტიციების მისაღებად და უარს ამბობდა პოპულისტურ ზომებზე, რომლებმაც სხვა ქვეყნებში ეკონომიკის შემცირება გამოიწვია.