შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გორის სასამართლომ მამის მკვლელობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თავით მაკარაძემ, მამის მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის სანდრო ინაური, წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი და მტკიცებულებების ერთობლიობა, რომ მძიმე კატეგორიის დანაშაული ბრალდებულმა ჩაიდინა.

პროკურორის თქმითვე, რადგან საქმე ეხება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არსებობს ბრალდებულის მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

დაცვის მხარემ სასამართლოს ბრალდებულის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, რაზეც მოსამართლისაგან უარი მიიღო.

თავად ბრალდებულმა სხდომაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა. წინასასამართლო სხდომა 20 ნოემბერს ჩაინიშნა.

ფაქტთან დაკავშირებით 29 სექტემბერს ინფორმაცია გაავრცელა პროკურატურამ.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მძინარე მამას სანადირო თოფიდან თავის არეში ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზარახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი  ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია განცხადებაში.