ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ამ წუთებში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ხვდებიან

ოკუპირებული ახალგორიდან დღეს გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ამ წუთებში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ხვდებიან.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე იმყოფებიან დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე.

მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ახალგორში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

“ამასთან, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც”, – აცხადებენ მინისტრის აპარატში.

ოკუპირებული ახალგორი ტატუნაშვილთან ერთად 22 თებერვალს დაკავებულმა ქუტაშვილმა და პავლიაშვილმა დატოვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ქუტაშვილი და პავლიაშვილი ოკუპირებულ დაბაში იმყოფებოდნენ, თუმცა დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მათ დოკუმენტები ჩამოართვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულები თავს კარგად გრძნობენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: InterPressNews.ge

 

Related posts