შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„გულმა ვეღარ გაუძლო ამხელა სტრესს…“ – შოვიდან ჩამოსული პოლიციელი ნაკიეთში დაიღუპა

პოლიციელი, რომელიც შოვიდან ახალი ჩამოსული იყო, გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

„ადგილობრივის თქმით, შოვიდან ჩამოსული პოლიციელი დაიღუპა ნაკიეთში… როგორც ამბობენ, გულმა ვეღარ გაუძლო ამხელა სტრესს…ნათელში იყავი გმირო“,- წერენ სოციალურ ქსელში. 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო. პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში. 

სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება. დილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა.

სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი.