მსახიობის ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

მეგობრებმა გუშინ ზუზუს წლისთავი აღნიშნეს. მსახიობის საფლავზე შეიკრიბნენ… ზუზუს გარეშე გაქცეული მძიმე ერთი წელი გაიხსენეს. იტირეს და იცინეს… სხვანაირად ზუზუს მოგონება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ვერიკო ტურაშვილი: – ზუზუს მეგობრები ერთმანეთს რომ ვურეკავთ და მის არყოფნაზე ვსაუბრობთ, ვხვდები, რომ მხოლოდ მე არ დამაკლდა ასე ძალიან. ყველას საუკეთესო მეგობარი დაგვაკლდა, კარგი გაგებით „დებილი“, ჩხუბიც რაღაცნაირი იცოდა და სიყვარულიც. ზუზუს მიერ დახასიათებული ჩემი თავი მენატრება. სხვებს რომ არ მოსწონდათ, ისეთი ადამიანები მოსწონდა, განსხვავებული. ყველაში ეძებდა განსხვავებულს და იმას ეჭიდებოდა. უცხო გარემოში ჩემზე ამბობდა, ეს მართლა „წვიმა მოგონებებს“ არ გეგონოთო. განსხვავებულად მხედავდა. ზუსტად ვიცი, არც ერთი მეგობარი ასეთი კუთხით ვერ დამინახავს. ეგოისტური გრძნობა მაქვს მის მიმართ.

ყველგან დამაკლდა ზუზუ, სახლშიც… ლიზას იუმორი აქვს და მინდა სულ ზუზუს მოვუყვე და გავუზიარო, ნახე, ჩემს ლიზას რა იუმორი აქვს-მეთქი.

ზუზუს დატოვებულ სიცარიელეს ვერავინ ამოავსებს ვერც ჩემთან და ვერც მის სხვა ახლო მეგობრების ცხოვრებაში.

გარდაცვლილი მეგობრების ხსენებაში იყო. თითქოს მასაც წინათგრძნობა ჰქონდა. მე რომ მოვკვდები, შენ იტირებო, მეუბნებოდა, სხვაზე სხვა რამეს ამბობდა…

ლიკა ყაზბეგი: – ძალიან ძნელი აღმოჩნდა ამ ადამიანის დანაკლისი. სხვა ადამიანებიც დამკარგვია, მაგრამ სხვა ენერგეტიკა ჰქონდა. ჩემზე ძალიან იმოქმედა მისმა წასვლამ. იმაზე მეტად ვიდრე მეგონა. 20 წელია ერთმანეთს ვიცნობთ. ჩემი სამოდელო სააგენტოს პირველი წლები მხოლოდ მათან ერთად მახსოვს. ბევრი მეგობარი ყავდა. გუშინ ერთად შეკრებილები თან ვტოროდით თან ვიცინოდით. ზუზუს რომ იხსენებ ცრემლი და სიცილი ერთადაა. მასთან დაკავშირებული მოგონებები კურიოზებითაა სავსე. მონატრება სულ სხვა განცდაა. ყველანი ისე ვარ შთანთქმული ყოველდღიურობისგან, რომ ვერ ხვდები ასე უცებ როგორ გავიდა წელიწადი მის გარეშე. მძიმე აღმოჩნდა ეს წელი. ეს არის ერთადერთი როლი, რომელიც მას არ მოუხდა, ვერ ითამაშა, ვერ განასახიერა გარდაცვალება ისე, რომ ამას შევგუებოდით და ყველა ისე ვიხსენებდით, როგორც ცოცხალს. ასე იქნება სულ.

მე და ზუზუს საერთო მეგობარი გვყავს, მსახიობი გიორგი დევაძე. მარიამობა იყო, ზუზუს გარდაცვალებიდან 40 დღე არ იყო გასული. და  დილით მირეკავს გიორგი და მიყვება სიზმარს. შენი საბუთები და ბანკის კარტები მეჭირაო. კოდის მოხსნა მინდოდა, ვწვალობდი, ვერ ვხსნიდიო. მერე ხედავს ზუზუს, სახლის სხვენიდან ჩამოყო თავი, გამოართვა გიორგის ჩემი საბუთები, მე მოვხსნი კოდსო და გაუჩინარებულა. ისე შემეშინდა, ეს რომ მომიყვა, მახსოვს, ეკლესიაში ჩავედი და სანთელი დავანთე.

ვრცლად ნახეთ primetime.ge

წყარო: primetime.ge

Related posts