მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ინფორმაცია, რომ ბოლო 1 წელში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, „არ ასახავს რეალურ სურათს“

პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.„სამწუხაროდ გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ სურათს. გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი.აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას, რომელშიც ასევე მოიაზრება ელჩების და მისიებში მუდმივი წარმომადგენლების დანიშვნების საკითხი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია,რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ელჩები ინიშნებოდნენ დროულად და უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტობის პრინციპი, რაც სამწუხაროდ აღნიშნული გამოწვევის ფონზე წარმოადგენს რეალურ პრობლემას და საჭიროებს დროულ გადაწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკითხი დღესაც აქტუალურია და დიპლომატიურ წარმომადგენლობების გამართულ ფუნქციონირებას ექმნება სირთულეები, საქართველოს მთავრობა იმოქმედებს გაცხადებული სამართლებრივი რეაგირების შესაბამისად”, – აღნიშნულია განცხადებაში.ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მთავრობის მიერ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასანიშნად წარდგენილ ყველა კანდიდატურას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ „გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა“, სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, დანიშვნასთან დაკავშირებული რამდენი განაცხადი შევიდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რამდენი დაკმაყოფილდა სალომე ზურაბიშვილის მიერ და რამდენი კანდიდატურის დანიშვნაზე ითქვა უარი.როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ ელჩების თანამდებობაზე 12 კანდიდატურა წარუდგინა პრეზიდენტს, პრეზიდენტმა კი 12-ვე კანდიდატურის დანიშვნაზე შესაბამის განკარგულებებს ხელი მოაწერა.

84 ნახვა
desktop
mobile catfish