უნდა გვახსოვდეს, რომ საფრთხე ოკუპაციის ხაზთან არ სრულდება - ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით, „ქართული ოცნება“ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ალიანსში შევიდა და საკუთარ ქვეყანას დასდო ბრალი ომის დაწყებაში, რითაც რუსეთის აგრესია და ოკუპაცია გაამართლა, ამასთან დაასუსტა არაღიარების პოლიტიკა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
გახარიას თქმით, გრძელდება ბრძოლა საქართველოს თავისუფლების, მშვიდობიანი რეინტეგრაციისა და ევროპული მომავლისთვის.
„17 წლის წინ, პირველად ცივი ომის დასრულების შემდეგ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია განახორციელა - დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა, იძულებით გადაასახლა ათასობით ადამიანი და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო სამართლისა და საკუთარი ვალდებულებების უხეში დარღვევით.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ საფრთხე ოკუპაციის ხაზთან არ სრულდება. ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით, „ქართული ოცნება“ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ალიანსში შევიდა და საკუთარ ქვეყანას დასდო ბრალი ომის დაწყებაში, რითაც რუსეთის აგრესია და ოკუპაცია გაამართლა, ამასთან დაასუსტა არაღიარების პოლიტიკა.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს თავისუფლების, მშვიდობიანი რეინტეგრაციისა და ევროპული მომავლისთვის.
მადლობას ვუხდით ყველა საერთაშორისო პარტნიორს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,- წერს გახარია.