ირაკლი ანთაძე - ოკუპირებული ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია, არ აქვს მნიშვნელობა, იქ მყოფი რუსეთის საოკუპაციო ძალები რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას

ირაკლი ანთაძე - ოკუპირებული ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია, არ აქვს მნიშვნელობა, იქ მყოფი რუსეთის საოკუპაციო ძალები რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას

06-11-2023 15:52
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ოკუპირებული ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია, არ აქვს მნიშვნელობა, იქ მყოფი რუსეთის საოკუპაციო ძალები რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ერგნეთის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დროის ინფორმაციით, კირბალთან მომხდარ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყოლია.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ფაქტს თვითმხილველი არ შესწრებია, მაგრამ მოვლენები განვითარდა იმგვარად, რომ საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს. ამ ეტაპზე სწორედ ეს არის ინფორმაცია, რაზეც დაბეჯითებით შეგვიძლია, ვისაუბროთ“, – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

კითხვაზე, რა ტერიტორიაზე მოხდა მკვლელობა, ანთაძემ განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ეს მოხდა ოკუპირებულ თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„ეს არის მკვლელობა და რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ტერიტორიაზე მოხდა. ესეც ოფიციალური განცხადებაა, რასაც მე მოგახსენებთ. ოკუპირებული ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია და სწორედ ამიტომ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, იქ მყოფი რუსეთის საოკუპაციო ძალები რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას“, – განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, მომხდარის „ოქროს მოწმე“ არსებობს და ეს არის მომხდარის ფაქტის დროს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე, რომელიც ამჟამად იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

„მე შემიძლია ოპერირება მხოლოდ დაზუსტებული ფაქტებით. მიმდინარეობს მუშაობა და ვეძებთ ყველა შესაძლო დეტალს, რაც დამატებით ნათელს მოჰფენს ამ უმძიმეს დანაშაულს, რაც მოხდა სოფელ კირბალთან, მაგრამ ამ მომენტისთვის ოქროს მოწმე, რომელზეც დაბეჯითებით შეგვიძლია, ვისაუბროთ, გახლავთ სწორედ ის პიროვნება, რომელიც იმყოფება უკანონო პატიმრობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რომლის ოჯახში დაუყოვნებლივი დაბრუნებაც მოვითხოვეთ“, – აღნიშნა ანთაძემ.

მისივე თქმით, მოკლულის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული და მიყენებული ჭრილობების შესახებ დამატებითი დეტალები სწორედ ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

„ერთადერთი, რაც უკუკავშირი იქიდან იყო, რომ ისინი აწარმოებენ ე.წ. გამოძიებას და დამნაშავეები დაისჯებიან. ეს იყო ერთადერთი ინფორმაცია, რაც ჩვენ მოვისმინეთ. რა თქმა უნდა, მთავარი მოთხოვნა ასევე არის დამნაშავის დასჯა, მაგრამ უმთავრესი დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, არის უკანონო პატიმრობაში მყოფი მეორე პირის დაბრუნება, რათა დავრწმუნდეთ, რომ მას არ აქვს დაზიანებები“, – განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ უკანონო დაკავებულს დაზიანებები არ აღენიშნება.

„დღევანდელმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ანტიჰუმანური ხასიათი, რაც ზოგადაად აქვს ოკუპაციას და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფნას. დღევანდელ დღეს მინდა, კიდევ ერთხელ ვისაუბრო იმაზე, რაც არის უმთავრესი. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ უკანონოდ დაკავებული მეორე პირი, რათა სრულად დავრწმუნდეთ მის უსაფრთხოებაში და რომ მას არ გააჩნია არანაირი დაზიანებები. რა თქმა უნდა, ამას მიეცემა ყოველგვარი შეფასება. ამ საკითხზე იუნფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი“, – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

პოსტი ნახა: 212


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!