საჯარო მოხელეების რესურსი და არც მათი ოჯახები არჩევნების მოგებას არ ეყოფა - დარწმუნდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, „არის თუ არა საჯარო მოხელეების რესურსი ის, რისი იმედიც აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოსაგებად“.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებზე „მილიონზე მეტი ხმის აღებას აპირებს“.
„რაც თქვით, ტყუილია. ჩვენ ამ არჩევნებზე მილიონზე მეტი ხმის მიღებას ვაპირებთ. თქვენ შეგიძლიათ დათვალოთ, რამდენი საჯარო მოხელეა საქართველოში. რა თქმა უნდა, საჯარო მოხელეების რესურსი, არც მათი ოჯახები არჩევნების მოგებას არ ეყოფა. თქვენ თავად დარწმუნდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ამასთან, მან ისაუბრა მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული კორუფციის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოში „თუ სადმე კორუფციაა, ეს „ენჯეოების“ სექტორია“.
„სინამდვილეში, თუ სადმე კორუფციაა, ეს არის „ენჯეოების“ სექტორი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც მათ არ სურთ საკუთარი ფინანსების გასაჯაროება, არის ის, რომ „ენჯეოების“ სექტორში აღვირახსნილი კორუფციაა. რაც შეეხება მთავრობის საქმიანობას, პირადად მე ამ თვეების განმავლობაში, რაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა, არაერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღე კორუფციის პრევენციისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რაზეც პარლამენტის სხდომაზე ვისაუბრე, როცა მთავრობა მტკიცდებოდა. ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება. ამ მიზანს ბოლომდე მივყვებით“,- განაცხადა კობახიძემ.