ომბუდსმენი - ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გადატვირთული პალატები არ იძლევა პირადი სივრცის დაცვის შესაძლებლობას, პალატები სარემონტოა, სველი წერტილები ამორტიზებული, გაუმართავი და არასაკმარისი

ომბუდსმენი - ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გადატვირთული პალატები არ იძლევა პირადი სივრცის დაცვის შესაძლებლობას, პალატები სარემონტოა, სველი წერტილები ამორტიზებული, გაუმართავი და არასაკმარისი

08-07-2024 05:39

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში უკიდურესად გადატვირთული პალატები არ იძლევა პირადი სივრცის დაცვის შესაძლებლობას, პალატები სარემონტოა, სველი წერტილები ამორტიზებული, გაუმართავი და არასაკმარისი.

ამასთან, განმარტავენ, რომ განსაკუთრებულ პრობლემად გამოიკვეთა ის, რომ დაწესებულებაში არსებული თერაპიული, ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, არ შეესაბამება ეროვნულ თუ საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს და შეუძლებელს ხდის პაციენტთა მკურნალობას მათი ღირსების დაცვის პირობებში.

„5 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი მოინახულა და დაწესებულებაში მყოფ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას გაეცნო.

სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების სტაციონარული ფსიქიატრიული განყოფილებების ფიზიკური გარემო, პალატები, სასადილო სივრცეები, სველი წერტილები, შეხვდა და გაესაუბრა პაციენტებს, ცენტრის ადმინისტრაციასა და პერსონალს.

ვიზიტის შედეგად განსაკუთრებულ პრობლემად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებაში არსებული თერაპიული, ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, არ შეესაბამება ეროვნულ თუ საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს და შეუძლებელს ხდის პაციენტთა მკურნალობას მათი ღირსების დაცვის პირობებში.

უკიდურესად გადატვირთული პალატები არ იძლევა პირადი სივრცის დაცვის შესაძლებლობას, პალატები სარემონტოა, სველი წერტილები ამორტიზებული, გაუმართავი და არასაკმარისი (2-3 სველი წერტილი 60-მდე პირზე). პაციენტებს არ მიეწოდებათ მათთვის საჭირო ყველა ჰიგიენური საშუალება. სასადილო სივრცე მცირეა, რაც პაციენტებს ერთად კვების შესაძლებლობას არ აძლევს.

დაწესებულებაში გამოყოფილია სივრცე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისთვის, რომელიც უზრუნველყოფილია კომპიუტერული ტექნიკით და შესაბამისი რესურსებით სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობისთვის, თუმცა სივრცეც და რესურსებიც არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო აქტივობებში შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პაციენტის ჩართვას.

მწვავედ გამოიკვეთა პაციენტთა უსაფრთხოების პრობლემა (რამდენიმე დღის წინ ერთი პაციენტი ფანჯრიდან გადახტა. საბედნიეროდ, შემთხვევას ლეტალური შედეგი არ მოჰყოლია). ასევე, ადამიანური და ფინანსური რესურსების ნაკლებობა, რაც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში წლების განმავლობაში მოუგვარებელი სისტემური პრობლემების აღმოფხვრისა და ადამიანის უფლებების დაცვის სათანადო სტანდარტის უზრუნველყოფისთვის“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 93


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!