შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი ღარიბაშვილი – 2024 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი იქნება

ბიუჯეტი კონსერვატიულად არის დაგეგმილი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული 2024 წელს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა 85 მილიარდ 370 მილიონ ლარი იქნება.

“დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პარლამენტს გადავუგზავნოთ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბიუჯეტის პირველად ვარიანტზე საკმაოდ ინტენსიურად ვიმუშავეთ, ამის შემდეგ ჩვენ პარლამენტს წარუდგინეთ სექტემბრის ბოლოს პირველი ვარიანტი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გავაგრძელეთ მუშაობა თითოეულ სამინისტროსთან. მერე, ასევე, გვქონდა სამუშაო შეხვედრა პარლამენტთან, უმრავლესობასთან, კომიტეტებთან, ყველასთან დეტალურად გავიარეთ ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, შემდეგ ვიმუშავეთ და ახლა წარმოვადგენთ მეორე ვარიანტს.

მინდა აღვნიშნო, რომ კონსერვატიულად არის დაგეგმილი ბიუჯეტი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული 2024 წელს. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 2024 წელს გვექნება 2,5% და შემდგომ წლებში ასევე კიდევ შემცირდება ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო მთავრობის ვალი შეადგენს მშპ-ს 38,2 პროცენტს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, სულ რაღაც სამი წლის წინ იყო 60%-ზე მეტი და ეს მოვახერხეთ ძალიან მალე, მოკლე პერიოდში.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ასეთი კონსერვატიული დაგეგმვის პირობებშიც, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იქნება 85 მილიარდ 370 მილიონ ლარი. მთელი ქვეყნის ეკონომიკა იქნება 85 მილიარდ 370 მილიონ ლარი. შედარებისთვის, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს იყო 27 მილიარდი ლარი, ანუ გასამმაგდა მთელი ქვეყნის ეკონომიკა, ჩვენი მმართველობის პერიოდში, 11 წელიწადში. 85 მილიარდი იქნება 2024 წელს და 2012 წელს იყო 27 მილიარდი ლარი.

ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს მშპ იყო 50 მილიარდი ლარი. ანუ, კიდევ ვიმეორებ, რომ 30 მილიარდიანი ზრდა გვაქვს სამ წელიწადში დაახლოებით. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იყო 4250 დოლარი, და 2024 წელს გვექნება უკვე 8500 დოლარი. ასეთი ზრდა გვაქვს სულ რაღაც სამ წელიწადში.

ასეთი ტემპით ზრდის შემთხვევაში 2027 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 108 მილიარდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 10 800 დოლარს გადააჭარბებს.

ეს ძალიან დამაიმედებელი პროგნოზია, იცით, რომ ჩვენ 2030 წლისთვის ვპროგნოზირებდით 10 000 დოლარს და ნახეთ, რო0მ სულ რაღაც 2-3 წელიწადში დიდი ნახტომი გავაკეთეთ”, – განაცხადა პრემიერმა.