შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პრეზიდენტი – პრემიერის განცხადებამ გამახარა – ვნახოთ – თუ გვექნება დემოკრატიული არჩევნები, ეს საშუალებას მისცემს ახალი კოალიცია წარმოიშვას, ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე

პრემიერის განცხადებამ გამახარა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმული შემდეგი კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „პრორუსულად მიჩნეულმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი სტატუსი ისტორიული გამარჯვება იყო. გაგაკვირვათ ამან?“.

პრეზიდენტის განცხადებით, თუ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, ეს საშუალებას მისცემს წარმოიშვას ახალი კოალიცია, ხოლო ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„გამახარა. ის დღეს საფრანგეთში იმყოფება და ესწრება მშვიდობის ფორუმს, ხვდება პრეზიდენტ მაკრონს. ამან [განცხადებამ] მე გამახარა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ. ვნახოთ… ვფიქრობ, რომ სტატუსი, რომელსაც იმედია წლის ბოლოს მივიღებთ, იქნება არა სტატუსი მონიჭებული საქართველოსთვის როგორც “საბოლოო ანგარიშსწორება“, არამედ როგორც strings attached, უფრო მეტი და უფრო ძლიერი კავშირი ევროპასთან, ევროპის მეტი ჩართულობა. ევროპა უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ეტაპობრივად, შემდეგ ეტაპამდე.

იმედი მაქვს, რომ თუ გვექნება დემოკრატიული არჩევნები, ეს საშუალებას მისცემს წარმოიშვას ახალი კოალიცია. ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთი წელი გვაქვს დაგვიანება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ეს წელი უნდა ავინაზღაუროთ და ამისათვის ევროპა ჩვენს გვერდით უნდა იყოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით: „მოსახლეობამ გუშინ კარგად იგრძნო, რომ ჩვენ ამ გზაზე მარტონი არ ვართ. ეს რთული პროცესია. გაწევრიანებაზე და წევრი ქვეყნის იურიდიულ სტატუსზე უფრო მნიშვნელოვანია ევროპულ ოჯახში ყოფნა და ის, რომ გარეთ არ ვიყოთ დატოვებული. ეს არის ფუნდამენტური“.

კითხვაზე, არ გეშინიათ, რომ საქართველოს მთავრობა ხელს შეგიშლით რეფორმების ბოლომდე განხორციელებაში?, საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს, რომ ეს მოსახლეობაზე იქნება დამოკიდებული.

„ეს დამოკიდებული იქნება მოსახლეობაზე. ჩვენ დემოკრატიულ სისტემაში ვართ, ხალხის ხმა, ხალხის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ შევკრიბე გუშინ, არა მხოლოდ აღსანიშნავად, რადგან არ ვიცოდით აღსანიშნავი ამბავი იქნებოდა თუ არა, არამედ ხელმოწერების კამპანიის დასაწყებად, რამაც 15 დეკემბრამდე უნდა მიგვიყვანოს. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, რათა ევროკომისიისთვის გვეჩვენებინა, რომ საქართველოს მთლიანი მოსახლეობა გულშემატკივრობს ევროპისკენ მიმავალ ამ გზას. მთავრობები იცვლება და მოსახლეობა რჩება. 2024 წელი არჩევნების წელია, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდება, შეიძლება ვიხილოთ ევოლუცია, მაქსიმალურად სტაბილური და მშვიდი, რომელიც მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობასთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ სლოვაკეთის ახლადარჩეულმა პრორუსულმა პრემიერმა ფუკომ შეწყვიტა უკრაინისათვის იარაღის მიწოდება და ხომ არ შიშობთ, რომ საქართველო იგივე გზით შეიძლება წავიდეს, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ საქართველო უკრაინას იარაღს არ აწვდის, რადგან არის რაღაცები რისი უფლებაც არ შეგვიძლია მივცეთ საკუთარ თავს.

„ჩვენ არ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ცხადი მიზეზების გამო, სტრატეგიული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს, არის რაღაცები, რისი უფლებაც არ შეგვიძლია მივცეთ საკუთარ თავს და ამასთან დაკავშირებით მე მთავრობისგან განსხვავებული შეხედულება არ მაქვს. მაგრამ მე, ისევე როგორც მოსახლეობა, უფრო ღიად ვუცხადებ სოლიდარობას უკრაინას, რაც ვთვლი, რომ აუცილებელია, რადგან ჩვენ გვაქვს მსგავსი ისტორია, წარსული და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ერთნაირი მომავალი ევროპაში. ეს სოლიდარობა აუცილებელია და თუ თქვენ ჩამოხვალთ თბილისში, ამ სოლიდარობას ყველგან დაინახავთ უკრაინული დროშების სახით, რომლებიც ისევე მრავლადაა, როგორც ქართული და ევროპული დროშები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.