საქართველოში ზაფხულში საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი.

სპეციალისტები ზაფხულის სეზონის განმავლობაში,  ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40; მთიან რაიონებში +36, +39, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ, რისი პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი.

სააგენტოს ცნობით, ატმოსფერული ნალექის რაოდენობა სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე – ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი.

საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე არის +21, +23 გრადუსს; მთაში – +19, +21 გრადუსს; მაღალ მთაში +15, +17 გრადუსს; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – +21 +23 გრადუსს; მთაში – +17, +19 გრადუსს; მაღალ მთაში კი – +14, +16 გრადუსს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, ქართველი ექსპერტების მიერ კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-23) მომზადებული 2021 წლის ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს ეყრდნობა.

57 ნახვა
desktop
mobile catfish