სამწუხაროდ, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება.
მინისტრის თქმით, სტიქიის ზონაში სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული.
„ნაწილი ამოცნობილია, რა ინფორმაციაც მე მაქვს, მაგრამ ყველა არა. დაკარგულებში, სამწუხაროდ, ბავშვები არიან. სამედიცინო დახმარების კუთხით, ადგილზე მობილიზებულია სხვადასხვა ტიპის ბრიგადა, სხვადასხვა კვალიფიკაციის. ალტერნატიული გზა გაჰყავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ გზით მოხდება ადგილამდე მისვლა“, - აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.