დღეიდან თბილისსა და რეგიონებში ბიზნესს ბუნებრივი აირი უძვირდება

2022 წლის 1-ლი ივლისიდან რეგიონებსა და დედაქალაქში გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბიზნესისთვის იზრდება.

“თელავგაზის“, “სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“ და „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 ლარით დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნულის შესახებ განცხადებები რამდენიმე დღის წინ თავად კომპანიებმა გაავრცელეს.

„ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული რეალობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რაც განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ცვლილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირებაზე,“- ნათქვამია კომპანიების განცხადებაში.

რეგიონების პარალელურად, 2022 წლის 1-ლი ივლისიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფს „თბილისი ენერჯიც“ ზრდის. დედაქალაქშიც 1მ3 ბუნებრივი აირის საფასური 1,35 ლარით განისაზღვრება.

ცნობისათვის, აქამდე „თბილისი ენერჯიმ“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 2020 წლის 3-იანვრიდან გაზარდა. თუ მანამდე 1მ3-ში ბიზნესი 0.86 ლარს იხდიდა, დღემდე ეს გადასახადი 1,10 ლარი იყო. „სოკარ ჯორჯია გაზმა“, “თელავი გაზმა” და „ინტერ გაზმა“ კი ტარიფი ბოლოს 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან გაზარდეს. შედეგად, დღემდე – 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი ყველა ბიზნეს-აბონენტისთვის 1.15 ლარი იყო დღგ-ს ჩათვლით.

ამასთან, მათივე ცნობით, უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი 2023 წლამდე.

218 ნახვა
desktop
mobile catfish