მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, ისევე როგორც მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერები, ოფისებში იმალებიან, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ მძიმე, უხეში და სისტემური ძალადობის გამო, რომელსაც ჩვენ რუსთაველზე ამ დღეების განმავლობაში ვხედავდით, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ ვრცელდებოდა კონკრეტული ვიდეოკადრები, რომლებიც ასახავდა „ძალიან უხეშ ძალადობას პოლიციელებზე“.
„ადამიანები, რომლებიც მანამდე მეორე მხარეს დაფიქსირებულ ინციდენტებზე მძიმე რეაქციებს გამოხატავდნენ, ამ შემთხვევაში იწონებდნენ და ხშირად აჟიტირებული კომენტარებით გამოხატავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ უმძიმესი აგრესიის მიმართ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ სინამდვილეში, ძალადობის მიუღებლობა მათთვის მხოლოდ ფარისევლობაა და ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ოპოზიცია პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, ისევე როგორც მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერები, იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, იმ მძიმე უხეში და სისტემური ძალადობის გამო, რომელსაც ჩვენ რუსთაველზე ვხედავდით ამ დღეების განმავლობაში“, - განაცხადა კობახიძემ
პრემიერმა ასევე ისაუბრა სკოლებში განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ „ეს ყოვლად ამორალური ქმედებაა.“
„მინდა კიდევ ერთხელ შევეხო სკოლების პოლიტიზებას, ეს არის ყოვლად ამორალური ქმედება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის სახეს ზოგადად და ლიბერალური ფაშიზმის სახეს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.