ადრე ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური იყო, ახლა ერთის მაგივრად 3-4 ფანჩატური იქმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, ოპოზიციურ კოალიციებს რესურსი არ გააჩნიათ.
„ადრე ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური იყო, ახლა ერთის მაგივრად 3-4 ფანჩატური იქმნება. რომ ჰგონიათ, რომ ერთ ფანჩატურს სჯობია 3 თუ 4, ეს მე არ ვიცი. რეალურად განსხვავება რაოდენობაში ვერ იქნება, მთავარია, რომ მათ რესურსი რეალურად არ აქვთ“, – განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძე „ევროპული საქართველოს“ პლატფორმა „ერთიანობაში“ გაწევრიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სინამდვილეში, ეს არის ერთიანი, ერთი პოლიტიკური ძალა“.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის. სინამდვილეში, ეს არის ერთიანი, ერთი პოლიტიკური ძალა, ამას ჩვენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ. ეს შემთხვევითი არ არის. ყველამ ვიცით, რომ მათ ყველაფერთან დაკავშირებით, აბსოლუტურად, საერთო ხედვები აქვთ. უფრო სწორად, მათ აქვთ ზუსტად ის ხედვები, რაც მათ საერთო პატრონს აქვთ. აქედან გამომდინარე, არავითარი განსხვავება არ არის, ისინი დღეს, ხვალ – ხან ერთად იქნებიან, ხან ცალ-ცალკე იქნებიან, არავითარი განსხვავება არ არის. ერთადერთი არის ის, რომ ისინი არიან ერთიანი პოლიტიკური ძალა – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა კობახიძემ.