პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის მოტივი უწყებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვა გახდა.
მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქუაშვილმა კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა, კომისიამ შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართა.
კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგაც. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებიც კომისიის სხდომაზე იყვნენ დაბარებული, თუმცა მისვლაზე უარი თქვეს.
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია და ის ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.