ლევან ხაბეიშვილს საზოგადოებასთან ყველანაირი კომუნიკაცია აუკრძალეს, ჩამოართვეს ზარების უფლება, წერილების უფლება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ნადირაძის თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მსგავსი ქმედებებით ლევან ხაბეიშვილის ხმას ვერ გააჩუმებენ.
„სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ შეშინებულმა და დამფრთხალმა რუსმა ოლიგარქმა, ბორია ივანიშვილმა და მისმა „რუსულმა ოცნებამ“ მათივე ჟანდარმერიის მიერ აბსოლუტურად უსამართლოდ დაჭერილ ლევან ხაბეიშვილს აუკრძალა ყველანაირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ჩამოართვა მას ზარების უფლება, წერილების უფლება და ამით, მათი ჭკუით, ცდილობენ, რომ ლევან ხაბეიშვილის ხმა ჩაახშონ.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსმა ოლიგარქმა ლევან ხაბეიშვილი ციხეში ჩასვა თავისი სიტყვის გამო, მართალი და გულწრფელი სიტყვის გამო, ემოციური, მუხტიანი და რევოლუციური სიტყვის გამო, იმის გამო, რომ ადამიანებს რწმენა გაუჩინა. ყველას კარგად ესმოდეს, რომ ამით ლევან ხაბეიშვილის ხმას ვერ გააჩუმებენ. 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ყველა ერთად უნდა შევიკრიბოთ. უნდა ვიყოთ ყველანი ძალიან ბევრი და თუ ვინმეს ხმა გაჩუმდება და დადუმდება, ეს იქნება ბორია ივანიშვილი და რუსული ოცნება“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.